ფოლკლორი (ინგლ. folk-lore — „ხალხური სიბრძნე“) — ხალხური შემოქმედების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ხალხთა ტრადიციულ შეხედულებებს, რწმენა-წარმოდგენებს, წეს-ჩვეულებებს, თქმულებებს, რომლის ცოდნა დაუწერელი სახით, ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა და გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ინახავს იმ კონკრეტულ ხალხთა თვითმყოფად ელემენტებსა და ავთენტიკური ცხოვრების სტილს, რომელიც ხაზს უსვამს მათ კულტურულ მრავალფეროვნებას. ფოლკლორი აერთიანებს ხალხის სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს და წარმოდგენილია როგორც საკუთრივ მხატვრულ-გამომსახველობითი, ასევე სხვა საშუალებებითა და ფორმებით, მათ შორის — სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო მოქმედებებით, ცეკვით, მუსიკით, სიმღერებით, ზეპირი გადმოცემებით, ანდაზებით, ანეკდოტებით, ხუმრობებით, მითებით, ზღაპრებით, თეატრალური სანახაობებით, ხელოსნობით, ხალხური მედიცინით, ხალხური კულინარიით, ხალხური რეწვით და ა.შ.[1]